„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ნიკა გვარამია სხდომაზე არ მივიდა.
„მკაფიოდ ჩანდა, რომ კატასტროფაა პროკურატურა, უბრალოდ ასეთ სისულელეებზეც არ უნდა მოდიოდეს ასეთი მოუმზადებელი, ჩემი აზრით. ეს ის შემთხვევაა, არა მხოლოდ ჩემი, 10-დან 10 შემთხვევაში, დამოუკიდებელი მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ნუ, 30 000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდი თუ არა, ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ, გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს შემხებლობა ექნება და ზემოქმედება ექნება არა მხოლოდ ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც”, – თქვა ნიკა გვარამიამ.
გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.