„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატები უზენაეს სასამართლოში მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებას მოითხოვენ.
„დღეს მივმართავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის აცილებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას საკასაციო საჩივარი სასამართლოში შესულია უკვე სამ თვეზე მეტია და ის აწერია მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, არა თუ საჩივრის განხილვა არ დაწყებულა, არამედ იმ მოსამართლეთა ვინაობაც არ არის განსაზღვრული, რომლებმაც უნდა განიხილონ ჩვენი საკასაციო საჩივარი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ხელისუფლება ეძებს იმ მოსამართლეებს, რომლებსაც მოაწერინებს ხელს ხელისუფლების მიერ წინასწარ გამოტანილ უკანონო განაჩენზე”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
მისივე თქმით, საქმეების განაწილების სისტემა არის ხარვეზიანი და პოლიტიკური მდგენელის მქონე საქმეებს „კლანი იმ მოსამართლეებს აწერს“, რომლებიც მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს. საძაგლიშვილი ამბობს, რომ „მერაბ გაბინაშვილი უზენაეს სასამართლოში 2019 წელს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით დაინიშნა, ვინაიდან ის კლანის ერთგული წევრი და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.“