ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე „მედიაკოალიცია” განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში, სადაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას სასმართლო პროცესი მიმდინარეობდა, მის ადვოკატს, ნიკა გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე „მედია კოალიცია” განცხადებას ავრცელებს.

კოალიცი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია.

„ჩვენ საგანგაშოდ მიგვაჩნია კრიტიკული მედიის მიმართ გახშირებული სიტყვიერი აგრესია და მისი წახალისება, რასაც აუცილებლად მოყვება ფიზიკური თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები.

კოალიცია გააგრძელებს აღნიშნული ინციდენტის შესწავლას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.