ნიკა გვარამიას საქმეზე მედიაკოალიციის მიმართვას შარლ მიშელის კაბინეტიდან უპასუხეს

პუბლიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ავრცელებს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კაბინეტიდან მიღებულ წერილს ნიკა გვარამიას შესახებ. წერილით მიშელის კაბინეტის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ ბერნარდმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ერთობლივ მიმართვას უპასუხა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი გვარამიას სასამართლო პროცესს. მათ შორის, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლების მეშვეობით.

ევროკავშირი არ აკეთებს კომენტარს ცალკეული სასამართლო საქმეების არსებით ნაწილზე, თუმცა აღვნიშნავთ, რომ დაისვა კითხვები, მათ შორის სახალხო დამცველის მხრიდან, სასამართლოს მსჯელობის შესახებ ბ-ნი გვარამიას საქმეზე, როგორც განაჩენის გამოტანის, ასევე სასჯელის კუთხით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის განაჩენის გათვალისწინებით, ევროკავშირმა იმავე დღეს გამოსცა პრესსპიკერის განცხადება ბ-ნი გვარამიას საქმეზე.

ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფუნდამენტური უფლებები და სათანადო სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს დაცული გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო გადაწყვეტილებებით, კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად. ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ჩაერთონ სასამართლო სისტემის ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ რეფორმაში. ეს არის ასევე 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებისა და რამდენიმე ხნის წინ მიღებული ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთი ქვაკუთხედი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც ხაზგასმულია კომისიის მოსაზრებაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, არის, რომ საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივი სტანდარტებს.

ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება მოვლენებს და მართლმსაჯულების უფრო ფართო რეფორმას და მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებს.“, – ნათქვამია წერილში.

2022 წლის 7 ნოემბერს 60 მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ნიკა გვარამიას მხარდაჭერის მიზნით მიმართა.