ნიკა გვარამიას სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა თქვა, რომ არაფერი მომხდარა ისეთი, რისი მოლოდინიც არ შეიძლებოდა ჰქონოდათ.

„კი, შეგნებულად ვხმარობ ამ ტერმინს, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ბოლო დღეების შემდეგ, ეს არის ტერმინი სამართალდამცავი, სამართალდამცავი კი არა ომონის წარმომადგენლები არიან, სადისტები არიან, რასაც ისინი აკეთებენ აქციებზე, სხვა არანაირ შეფასებას არ იმსახურებს. დღევანდელი სასამართლოც იყო სპექტაკლი, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი დგას ორ რამეზე – ერთი არის ომონი, მეორე არის სასამართლო კლანი. ომონი ძალადობს ადამიანებზე, სცემს, მერე აპატიმრებს, ხოლო სასამართლო ვითომ ბრჭყალებში კანონის ხელით უფარდებს მათ ან სახდელს, ან სასჯელს“, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პოლიციელებმა ნიკა გვარამია 4 დეკემბერს „გირჩი-დროას“ ოფისთან დააკავეს. შსს-ის წარმომადგენლებმა ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, ნიკა გვარამია ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა.