ნიკა კაცია გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც იყო ანტისანიტარია, ეყარა სარემონტო ნარჩენები - ადვოკატი

პუბლიკა

„გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ანტისანიტარია იყო, ეყარა სარემონტო სამუშაოების ნარჩენები – ცემენტი, რაც თავად ავფხიკეო”, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას დაკავებული ჟურნალისტის ნიკა კაციას ადვოკატი ნინო ლომინაძე აცხადებს.

ნიკა კაცია, რომელსაც პროკურატურა ნარკოტიკების ფლობას ედავება. ის ამჟამად ბრალდებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გამო გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება.

ადვოკატის გადმოცემით, კაცია პირობების გაუარესებაზე რამდენიმე მიმართულებით საუბრობს:

ნინო ლომინაძის თქმით, კაციას შეუცვალეს საკანი და გადაიყვანეს ისეთში, სადაც ანტისანიტარია და არასათანადო პირობები იყო. ძველ საკანში მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეყურებინა ტელევიზორისთვის, ახალში გადაყვანის შემდეგ კი ტელევიზორთან და შესაბამისად ინფორმაციასთან წვდომა აღარ აქვს. კაცია ასევე მიუთითებს ადმინისტრაციის მხრიდან სატელეფონო და სასეირნო დროის თვითნებურ შეზღუდვაზე/შეზღუდვის მუქარაზე.

„ზოგადი მდგომარეობა არსებითად სახეცვლილია, ვინაიდან გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ანტისანიტარია იყო. მოითხოვა ჰიგიენური ხსნარები, თავისი ხელით გაასუფთავა საკანი, გახეხა რასაც ჰქვია.

არასწორი კომუნიკაცია ჰქონდათ ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მის მიმართ – ულტიმატუმის ენით მესაუბრებიან – აღარ დაგარეკვინებთ; დილის შვიდ საათზე ადექი და გაისეირნეო. მერე ამან აუხსნა, რომ მეც ვიცი ჩემი უფლებები და ვალდებული ხართ, დაიცვათ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნებიო”, – გვიყვება ადვოკატი.

ლომინაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციის დამოკიდებულება და განწყობა უცბად შეიცვალა მის მიმართ, ხოლო თუ რასთან არის ეს კავშირში, ბრალდებული თავად ვერ ხსნის. „ჩვენთვისაც გაუგებარია, მანამდე ამგვარი პრობლემები არ ჰქონდა და რაიმე სახის გართულებაზე არ საუბრობდა”.

ადვოკატის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შესულები იყვნენ და მათაც შეამოწმეს საკანი.

მისივე თქმით, კაციას ასევე შეხვდა ციხის უფროსის მოადგილეც და მიიღო დაპირება, რომ დაუკმაყოფილდებოდა მოთხოვნები.

„დასუფთავების საშუალებები მიიღო, დაჰპირდნენ, რომ ტელევიზორითაც იქნებოდა უზრუნველყოფილი; უფრო კონკრეტულად კი ხვალ დავაზუსტებ – რამდენად მიიღო მხედველობაში და გამოასწორა ადმინისტრაციამ მიდგომა  გასეირნებაზე, სატელეფონო კომუნიკაციის ხანგრძლივობაზე და ა.შ.”, – ამბობს ლომინაძე.


„პუბლიკა” დაუკავშირდა პენიტენციურ სამსახურს, პასუხისთვის მათ იუსტიციის სამინისტროსთან გადაგვამისამართეს. „პუბლიკამ” უწყებას ბრალდებულის მიერ აღწერილ ყველა გარემოებაზე დაუსვა კითხვა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.


ადვოკატის თქმით, ნიკა კაციას პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რაც 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნიკა კაცია ცალსახად უარყოფს, რომ საქმეზე დამაგრებული ნივთიერი მტკიცებულება – 14 გრამი კოკაინი მას ეკუთვნის, მეტიც მას თვალითაც არ უნახავს ის. პირადი ჩხრეკისას მისგან არ ყოფილა ამოღებული არანაირი ნარკოტიკული საშუალება და მარტივად დაიჯერა, რომ თუ ოქმებს მოაწერა ხელს, მართლაც გაუშვებდნენ”, – ამბობს ნინო ლომინაძე.