ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორი პირი იძებნება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვერაზე 15 სექტემბერს ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს და ამ ბრალდებით ორ პირს ეძებენ. უწყების თქმით, მათი დაკავებისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.