„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელია არ არის ესმერალდა და ეს ამდენი კვაზიმოდო არ სჭირდება მის დაცვას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„კანონი აღსრულდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს, ის შესაბამისად კანონი მათ მიმართაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ… ენას მთელი დღეა ხმარობენ და დავიღალეთ ჩვენც და მგონი მთელი საზოგადოებაც… თამაშობენ და დავანებოთ თავი. ამ თამაშით დაიღლებიან თვითონაც და რატომ ვერ ეგუებიან წაგებას?!… სასამართლო იმიტომაა სასამართლო, რომ არავის ჭკუაზე არ გაივლის და არავის ნებას არ აღასრულებს, ჩვენ მივეცით პროკურატურას საშუალება, რომ საქმე მისულიყო სასამართლოში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.