დღეს რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში მათ წინააღმდეგ წარმართული ან მათთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები ჩაინიშნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „მთავარი არხის ეთერში“ განაცხადა, რომ დღეს მისი ადვოკატისგან შეიტყო სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებ. ნიკა მელიას თქმით, მისი პროცესი 15 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ასევე, მასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის განახლების შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.
მოგვიანებით „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ მანაც ადვოკატისგან შეიტყო 14 დეკემბერს მისი სასამართლო პროცესის ჩანიშვნის შესახებ.
დღეს სასამართლო პროცესის განახლებაზე თავდაპირველად „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი საქმის სასამართლო განხილვა 7 დეკემბრიდან განახლდება. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისებისა და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, რომელსაც პროკურატურა 2019 წლის 20 ივლისიდან იძიებს.