ნიკა მელია მალე გამოვა და ჩვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას - უგულავა

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ნიკა მელია საპატიმროდან გაძლიერებული გამოვა და ქვეყანას გაათავისუფლებს.

„მეგობრებო, ციხე არ კლავს! ციხე მხოლოდ აძლიერებს. ეს არ არის მისი [ნიკა მელიას] დაკარგული დრო, ეს არის ის დრო, რომელიც მას გააძლიერებს. ის მალე გამოვა და ჩვენთან ერთად, თქვენთან ერთად გაათავისუფლებს ამ ქვეყანას აი, ამ საზიზღრობისგან, რასაც ივანიშვილი და ცახესი ღარიბაშვილი ჰქვია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.


უგულავამ აქციაზე შეკრებილებს მოუწოდა, რომ პარლამენტთან გადაინაცვლონ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.