„მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას“, – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
მისივე შეფასებით, გვარამიას საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ შეფერხება.
„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაცია და ქართველთა დიდი უმრავლესობის ნებაც, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა მელიამ.
21 ივლისს ჟურნალისტის შეკითხვაზე, დეპოლარიზაციის მიზნით ხომ არ შეცვლის პრეზიდენტი პოზიციას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე, – ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ: „მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. 3 ადამიანი შევიწყალე [უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა], გასამდა და დამთავრდა.“
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით, ორ ეპიზოდში: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლებით, სასჯელის ზომა – 3 წელი და 6 თვე, ძალაში დარჩა, თუმცა საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, საპატიმრო სასჯელი გვარამიას ერთი ეპიზოდის ნაცვლად, ორ ეპიზოდზე მიესაჯა.