ნიკა მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში მოისროლა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციისას ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში მოისროლა.

„მე, უბრალოდ, აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას, რადგან ეს არის უსამართლობის სიმბოლო. ეს არის ძალადობრივი სამაჯური. ამას მე აღარ შევიბამ. გამორიცხულია. რაც ზუსტად ვიცი, ვიჯდები ციხეში, ვიქნები ყველგან თქვენთან ერთად ბრძოლაში. ერი გაიმარჯვებს. ჩვენ ვიქნებით გამარჯვებულები. მე ვერ ვეტყვი დედაჩემს, ოჯახის წევრებს – წამოდი ვიბრძოლოთ, მაშინ, როცა მე თვითონ ვარ სამაჯურშებმული. ამიტომ ნახვამდის სამაჯურო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდება  წარუდგინა. 25 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტს ნიკანორ მელიას სადეპუტატო მანდატის მოხსნის მოთხოვნით მიმართა.

26 ივნისს, პარლამენტმა საგანგებო სესიაზე, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე, მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რათა სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდება გამხდარიყო შესაძლებელი.

სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს დეპუტატს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო განუსაზღვრა, თუმცა დამატებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მის მიმართ ასევე გამოყენებული იქნა ელექტრონული მონიტორინგი და დაუმაგრეს შესაბამისი სამაჯური.


ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბების პირობებში ჩატარდა. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს. ამასთან, ოპოზიციამ კვირას, 8 ნოემბერს თბილისში აქცია-მსვლელობა დაანონსა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით კი, არჩევნები დემოკრატიული პრინციპების დაცვით გაიმართა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციის „დესტრუქციული ნაწილის“ დაანონსებული აქციების მიზანია, ჩრდილი მიაყენოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებს. ის მოუწოდებს ოპოზიციას, პატივი სცეს მოქალაქეების გადაწყვეტილებასა და ცესკოს ოფიციალურ შედეგებს.