ნიკა მელიას ადგილმონაცვლე დეპუტატი ბადრი ბასიშვილი იქნება

პუბლიკა

ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია და არც აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციები კვლავ რჩებიან პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში.

პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ განცხადებებს ბოიკოტის შესახებ ხელს აწერენ შემდეგი ფრაქციები: ,,ევროპული საქართველო“, ,,ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”, ,,ევროპული საქართველო – რეგიონები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.


გასული წლის ნოემბერში ოპოზიციურმა ფრაქციებმა და დეპუტატებმა პლენარულ სხდომებს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.