ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ნიკა მელიას ბრალად კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ედება.

„არალეგიტიმურმა პარლამენტმა რაღაც არალეგიტიმური თავყრილობა გამართა, წულუკიანი ჩაუყენა სათავეში, მაგიდის ერთ თავში იჯდა ამასწინათ წულუკიანი, მეორე თავში ბატონი, რომელიც დაიბარა დასაკითხად და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, თავის დროზე მელია უნდა დაეჭირათ თუ არ უნდა დაეჭირათ და გირაო უნდა გადამეხადა თუ არ უნდა გადამეხადა, და იქ რომ არ მივედი მეორე გირაოს მაკისრებენ“, – თქვა ნიკა მელიამ „ტვ პირველთან“ პროცესის დაწყებამდე და აღნიშნა, რომ ბრძოლა ყოველდღიური რუტინაა, მაგრამ საბოლოოდ შედეგის მომტანი იქნება.

სისხლის სამართლის კოდექსის ამავე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა გივი თარგამაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს – 20 000-ლარიანი, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს – 50 000-50 000 ლარიანი გირაო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი, ხოლო ნიკა გვარამიას 30 000-ლარიანი. 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.


„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.

27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ოცნების” საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.