ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრის გაგრძელება ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯია - ბაქრაძე

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი გახარიას გადადგომა არის  საზოგადოებას, ქართული ოპოზიციური სპექტრისა და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება.

მისი განცხადებით, აჩვენეს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას და შერჩევით სამართალს არ აქვს მომავალი.

ბაქრაძემ მზადყოფნა გამოხატა, ოპოზიცია დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

„მთავარი დღეს გახლავთ არა ნიშნისმოგება და არა საუბარი მიღწეულ შედეგზე, მთავარი გახლავთ ის, როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და წესრიგი და საქართველო დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას.

ამისთვის არსებობს ერთადერთი შესაძლებლობა, ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით და მინდა, დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, დავუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას, დავუბრუნდეთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში სიმშვიდისა და ნორმალური მომავლისთვის: რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების დასრულება, საარჩევნო სისტემის ცვლილება“, – განაცხადა მან.

დავით ბაქრაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„მინდა, ვუთხრა „ქართული ოცნების“ იმ გუნდს, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. თქვენმა პოლიტიკამ, თქვენმა უგუნურებამ, საკუთარ ძალაუფლებასა და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე, რომ მოხდეს არეულობა და საქართველოს მომავლის პერსპექტივამ უკან გადაიწიოს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია. ნებისმიერი მცდელობა, გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს და დააკომპლექტებს მთავრობას, არის წინასწარ განწირული და იქნება დიდი ნაბიჯი დესტაბილიზაციისკენ.

თავად ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც არ გააჩნია მანდატი, ვერ გასცემს ქართველი ხალხის ნდობის მანდატს მთავრობაზე და ეს ვერ იქნება და არ იქნება მთავრობა, რომელიც ასახავს ხალხის აზრს. დაანებონ თავი კონფრონტაციულ ნაბიჯებს, რამაც ასეთ ღრმა კრიზისში შეიყვანა, პირველ რიგში, „ქართული ოცნება“.

მოლაპარაკების გზა არის ერთადერთი გზა, დღეს გაჩნდა მოლაპარაკების პერსპექტივა. მიუხედავად ჩემი ცალსახად ნეგატიური დამოკიდებულებისა გიორგი გახარიას მიმართ, პატივს ვცემ ნაბიჯს, რომელიც გადადგა პასუხისმგებლობიდან გამომდინარე. ამ ნაბიჯით გიორგი გახარიამ გააჩინა შანსი, რომ „ქართული ოცნება მოეგოს გონს და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას. იმედი მაქვს, ასე მოხდება, იმიტომ რომ ყველა სხვა გზა მიგვიყვანს „ოცნების“ უსწრაფეს ჩამოშლამდე, ეს არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენი ამოცანაა, ხალხთან ერთად, არჩევნების გზით გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, დავასრულოთ პოლიტიკური დევნა და წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ნიკა მელიას დაჭერაზე საუბრის გაგრძელებაც კი ერთპარტიული პარლამენტის მიერ მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრის გაგრძელებაც კი ახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე ეს არის ფუნდამენტურად არასწორი ნაბიჯები, რომლითაც „ქართული ოცნების“ ნარჩენი გუნდი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. ამას აღარ დაუშვებს არც საზოგადოება, არც ოპოზიცია“, – განაცხადა ბაქრაძემ.


დღეს, 18 თებერვალს პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.