ნიკა მელიას დაცვის მხარემ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფის საქმეზე მტკიცებულებები უდავო გახადა.
მტკიცებულებების უდავოდ ცნობის შემდეგ პროცესზე მათ აღარ გამოიკვლევენ და საქმე პირდაპირ პროკურორისა და ადვოკატის დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ნიკა მელია.
როგორც ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა TV პირველს განუცხადა, საქმე პოლიტიკური პროცესის ნაწილია და მათი ინტერესია, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის შეკვეცა, რომ გაიგონ, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული ხელისუფლებას.
„საქმე ეხება იმ პროცესს, როცა ნიკა მელია უკანონო გატაცების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სამართალწარმოება და ნაცვლად იმისა, რომ პოლციიელების მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედების გამო მოსამართლეს მოეხდინა რეაგირება ნიკა მელია დააჯარიმეს 5000 ლარით.
ამიტომაც, არ მიგვაჩნია, რომ ნიკასთან მიმართებით მორიგ ჯერზე მიმდინარეობს სამართალწარმოება, მართლმსაჯულება. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი. უკვე სათვალავიც აგვერია, რომელ დღეს რომელ საქმეს იხილავენ ნიკა მელიასთან მიმართებით.
ნიკა მელია თვითონ ამ საქმეს არ დაესწრება. ჩვენი ინტერესია, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს აღნიშნული პროცესის შეკვეცა, რომ გავიგოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული მორიგ ჯერზე ხელისუფლებას, ნიკას დამატებით ტოვებენ საპყრობილეში, თუ გამოიყენებენ სხვა ალტერნატიულ სასჯელს. საქმის განხილვას არაფერი არ აქვს საერთო სამართლებრივ პროცესთან”, – ამბობს ადვოკატი.
ნიკა მელიას ახალი ბრალდება 2026 წლის 9 თებერვალს წარედგინა.
მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან.
თორნიკე ქოჩქიანი ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.
სისხლის სამართლის საქმეში დევს ვიდეო, რომელშიც ისმის ფრაზა „მოსამართლე **ე ხარ“.
მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს ვიდეომასალა, ექსპერტიზის შეფასებით, „უვარგისია და ვერ დადგინდება ფრაზის წარმომთქმელი პირი“.
ნიკა მელიას ამ ეტაპზე ორი განაჩენით აქვს თავისუფლება აღკვეთილი – 26 ნოემბერს 1.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე, მანამდე, ივნისში 8 თვე მიესაჯა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე.
გარდა ამისა, მელიას ბრალი ედება ე.წ. საბოტაჟის საქმეზეც. გამოძიება მას „ქუჩაში რადიკალიზაციის პროცესისთვის აქტიურ მოქმედებას, რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცველთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას“ ედავება. გამოძიება მის წინააღმდეგ 318-ე, საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს.