ნიკა მელიას დაკავება იყო დემოკრატიული სახელმწიფოს პასუხი - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნიკა მელიას დაკავება იყო დემოკრატიული სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება კანონდარღვევაზე და პოლიციამ ძალის გადამეტების გარეშე, გამჭვირვალედ აღასრულა კანონი.

„როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ. როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული. ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა. სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა.

შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება.

ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება თავის მართლების საშუალება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა არა ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას ეკისრება და კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, რომ სიტუაციის განსამუხტავად საპარლამენტო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.

„მომხდარსა და მოვლენების ესკალაციაზე, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც მას აგულიანებდა და ურჩევდა, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ძალადობრივი შეტევის გზა არის დემოკრატიული და რაიმე დემოკრატიულ შედეგამდე მიიყვანდა ქვეყანას.

დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით თავისი თავი შეიყვანა ჩიხში.

მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის ჯანსაღი პოლიტიკური ძალა და რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მონაწილეობდეს პროცესში. რადგან დემოკრატია მონაწილეობის გარეშე არ არსებობს. შემდეგი ნაბიჯი დეესკალაციისკენ არის პარლამენტში შესვლა და მონაწილეობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.