თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა იწყება. ავტოკოლონა გუშინ დაკავებული ნიკა მელიას მხარდასაჭერად ავტოკოლონით რუსთავში, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივა.
საპროტესტო მსვლელობის შესახებ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემაც ისაუბრა.
„ეს არის პირველ რიგში ნიკას სოლიდარობისთვის, რომ გავამხნევოთ. ისედაც ძალიან მხნედ არის. მე ვესაუბრე სახალხო დამცველს და ნიკა არის ძალიან მხნედ. მასთან შევიდნენ უფლებადამცველებიც.
გარდა ამისა, ეს არის პროტესტის აქცია. იმიტომ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს და რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა შეთითხნილი ნიკა მელიას მიმართ. ჩვენი აქცია არის სოლიდარობის და ეს აქციები გაგრძელდება“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციურმა პარტიებმა ნიკა მელიას დაკავების შემდეგ პირველი საპროტესტო აქცია გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან 15:00 საათზე დაიწყო და შემდეგ პარლამენტთან დაასრულა. ოპოზიციამ კიდევ ერთი, მათი განცხადებით, ფართომასშტაბიანი აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს დააანონსა.