ნიკა მელიას საქმე | სააპელაციომ ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დასაშვებად არ ცნო. მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

ადვოკატები გიორგი კონდახიშვილი, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი ასაჩივრებდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ადვოკატებს მოლოდინი არ ჰქონდათ, რომ მოსამართლე მათ საჩივარს დასაშვებად ცნობდა. ისინი ამბობენ, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილებები არა სასამართლოში, არამედ პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მიიღება.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღმკვეთ ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.