ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 11:00-ზე ჩაინიშნა. ინფორმაცია „პუბლიკას“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუდასტურეს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ სხდომაზე დადგება ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, სასამართლოს აღკვეთის გადასინჯვაზე მსჯელობის ვალდებულება 2 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს 17 აპრილამდე აქვს. დაცვის მხარე ახალ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 25 თებერვალს პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.