ნიკა მელიას შეეხება ეს ამნისტია? - სამადაშვილის შეკითხვა და ოხანაშვილის პასუხი

პუბლიკა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ, ფრაქცია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კანონპროექტის ავტორს, ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, შეეხება თუ არა ამნისტია ნიკა მელიას ამ მოცემულობაში, როცა ნიკა მელია აცხადებს, რომ არ ეთანხმება ამნისტიას.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტით გათვალისწინებულია, ამნისტია პირს შეეხოს იმ შემთხვევაში, თუ მისი თანხმობა იქნება ამაზე.

„ვიცით, რომ ნიკა მელიას, რომლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით იქნა ეს ამნისტია შემოთავაზებული, აქვს დაფიქსირებული, რომ მისთვის ეს ამნისტია მიუღებელია.

ნიკა მელიას ეს ამნისტია შეეხება თუ არა? მისი პოზიცია საჯაროდაა ცნობილი, რომ ის არ ეთანხმება ამნისტიის კანონპროექტს. მე მაინც ვერ გავიგე, წინასწარი თანხმობა თუ ართანხმობა, რთული იურიდიული ტერმინით შემოუარეთ ამ საკითხს, კონკრეტულად რა პასუხს გვაძლევს ამ შეკითხვაზე?“, – ჰკითხა სამადაშვილმა ანრი ოხანაშვილს.

შეკითხვებზე პასუხის ეტაპზე ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილის შეკითხვას პასუხი არ გასცა, რადგან ის შეხვედრიდან გავიდა.

„ძალიან კარგად იცის, გავრცელდება თუ არა ნიკანორ მელიაზე და მასზეა დამოკიდებული, გავრცელდება თუ არა ამნისტიის აქტი“, – თქვა ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი კოლეგების მისამართით ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ოპონენტები ისე წარმოაჩენენ სიტუაციას, თითქოს ამნისტიის მიღება „ქართულ ოცნებას“ უნდა. მისი თქმით, ის იქნება ერთ-ერთი, ვინც პროექტს მხარს არ დაუჭერს, თუ არ იქნება საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე.

„თქვენ რაღაც ისე წარმოაჩენთ სიტუაციას, თითქოს, „ქართულმა ოცნებამ“ იბრძოლა, რომ ამნისტიის აქტი მოეპოვებინა და ვითომ რაღაც ჩავიდინეთ, რისი დაფარვაც გვინდა ან თითქოს მომხრე არ ვართ იმის, რომ თუკი დადგინდა, რომ ვინმე განზრახ დააზიანეს, ის ადამიანები არ მიეცნენ პასუხიგებაში ან პირიქით, ის სამოქალაქო პირი არ მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ტვინის დაზიანება მიაყენა პოლიციელს. ჩვენ თუ ამ რეალობას ვქმნით, მხარს დავუჭერ საგამოძიებო კომისიის შექმნას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მან მოუწოდა ოპონენტებს, ეყოთ პოლიტიკური გამბედაობა და აიღონ პასუხისმგებლობა ხელმოწერილ დოკუმენტზე.

„იმ შეკითხვებსაც ტყუილად და ფარსისთვის ნუ სვამთ ახლა და არ ვაპირებ არც ერთ შეკითხვაზე პასუხს, რომელიც იცით და ნუ აჩვენებთ საზოგადოებას, თითქოს დაინტერესებული ხართ, ჩემგან მიიღოთ კონკრეტული პასუხები, ვითომ არ იცით, ვის ეხება, როგორ და რა პროცესები წერია.

ან დგებით პოლიტიკური მოწოდების სიმაღლეზე, კეთილი ინებეთ და შეასრულეთ შეთანხმება, თუ ამ შეთანხმებიდან გადიხართ, არ ვიქნები მომხრე, რომელიმე ამნისტიის აქტს დავუჭირო მხარი და მორალური დილემის წინაშე დავაყენო რომელიმე ჩემი კოლეგა.

ვინც დაარღვია კანონი, იქნება ეს სამოქალაქო პირი თუ პოლიციელი, აგოს პასუხი. ნებისმიერი, ვინც გასცა უკანონო ბრძანება, აგოს პასუხი. დავასრულოთ შოუ, რომელსაც ცდილობთ შექმნათ, ყველაფერს აქვს საზღვარი“, – მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.