რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ და აქცია გამართეს.
„ნიკა შენთან ვართ“, – ამ შეძახილებით ცდილობდნენ აქციის მონაწილეები ნიკა მელიასთვის ხმის მიწვდენას. მათ ასევე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი.
მელიას მხარდამჭერი აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოდნიდან დაიწყო შემდეგ კი აქციის მონაწილეები ავტოკოლონებით გაემართნენ რუსთავისკენ.
„მე მინდა, რომ ნიკამ გაიგოს ჩვენი ხმა, რომ ჩვენ ისევე ვართ მხნედ და შემართებით, როგორც თვითონ არის, ეს ერთი და მეორე, გავაპროტესტოთ პოლიტიკური მართლმსაჯულება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გუშინ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ მელიას ადვოკატებს სააპელაციოში აქვთ გასაჩივრებული.