სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთისთვის საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია.
ფაშინიანს პარიზის მე-8 სამშვიდობო ფორუმზე – „ლიდერობის გზაჯვარედინზე” პანელური დისკუსიის დროს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, რომ აზერბაიჯანთან შეთანხმება იყოს პირველი ნაბიჯი ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ.
სომხეთის პრემიერმა უპასუხა:
„აზერბაიჯანის სახელით ვერ ვისაუბრებ და ეს არასწორი იქნებოდა, მაგრამ თქვენ იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრების შესახებ. ეს, გარკვეულწილად, დაკავშირებულია რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის – საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან. ამ კანონის მიღება სომხეთში შესაძლებელი გახდა, რადგან ერთი წლის წინ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიცაა, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები ძალიან მნიშვნელოვანია”.