ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარი გირაო შეეფარდა - პროკურორი

პუბლიკა

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.

მისი განმარტებით, ვინაიდან ბასილაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმის მასალებში დანაშაულის მტკიცებულებები არ არის, ბასილაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

პროკურორმა სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ გირაოს ოდენობა 100 000 ლარია.

„სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკი, ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება, ან მომხდარიყო ბასილაშვილის მხრიდან მიმალვა. თუმცა ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა, სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დაადგინა, რომ რეალურად არსებობდა ფაქტობრივი საფუძველი, ანუ მტკიცებულებების ერთობლიობა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებების შინაარსზე ბუნებრივია ვერ ვისაუბრებ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ასევე გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე ბრალდების მხარე მტკიცებულებების შინაარსობრივ კვლევაში ვერ შევა, თუმცა ჩვენ  ის მტკიცებულებები, რაც არსებობდა გადავეცით როგორც სასამართლოს, ისე დაცვის მხარეს.

ფაქტს, რომ (ბასილაშვილის) მამას გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდენი ვადასტურებთ, თუმცა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელებას თავად დაზარალებულიც არ მიუთითებს ამ ეტაპზე. შესაბამისად, ბრალდება წარდგენილია ბასილაშვილის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

ბასილაშვილს ბრალი საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“  ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწნებს ოჯახურ ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაის დააკავეს.