ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ირწმუნება, რომ პატრიარქს „საუბარიც შეუძლია და გალობაც" 

პუბლიკა

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ირწმუნება, რომ პატრიარქ ილია II-ს „საუბარიც შეუძლია და გალობაც“.

როგორც საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა:

„რეგენტი არის და 2-შიო საღამოს რომ მივედიო, რამდენიმე საათი არ გამომიშვაო და ერთად ვიგალობეთო. მე ვეუბნებოდი, დაისვენეთ, რაღაცა, მაგრამ არ მიშვებდაო არაფრით. მაგალობა და რამდენიმე საგალობელი ესე ორ ხმაში შევსრულვართო. საუბარიც შეუძლია, გალობაც შეუძლია. ჩვენც ვიგალობეთ ერთად“.

მიტროპოლიტმა ჟურნალისტების იმ შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც პატრიარქის 2025 წლის საახალწლო მილოცვის გაყალბებას და ამ გაყალბების მიზეზებს ეხებოდა.

4 იანვარს ილია მეორის დაბადების დღეა. ის 92 წლის გახდა. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და  მაღალი რანგის სხვა სასულიერო პირები საპატრიარქოში სწორედ ამის გამო იმყოფებოდნენ.

ილია მეორის 2025 წლის საახალწლო მილოცვა Facebook გვერდზე „საქართველოს საპატრიარქო (ოფიციალური გვერდი)” გამოქვეყნდა. ამ გვერდზე ვიდეო ჯერაც ხელმისაწვდომია.

მოქალაქეებმა ეს ვიდეო გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ვიდეო 2023 და 2024 წლების მილოცვებიდან არის დამონტაჟებული და არ არის ახალი.

ეს დაადასტურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ და თქვა, რომ „მას და მთლიანად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ამასთან არაფერი აკავშირებს“.

„ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი“. – დაწერა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.