თბილისის მუზეუმების გაერთიანების ყოფილ ხელმძღვანელს, ნინი სანადირაძეს გადაეცა კენეტ ჰადსონის 2025 წლის ჯილდო ინსტიტუციური გამბედაობისა და პროფესიული წესიერებისთვის, „რთულ დროს ძირითადი ღირებულებების დასაცავად საჭირო გამბედაობის აღსანიშნავად”.
ნინი სანადირაძე კახა კალაძემ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე, „ყველა წესისა და პროცედურის დარღვევით” 2025 წლის 8 აპრილიდან გაათავისუფლა.
„ევროპული მუზეუმების ფორუმი” აღნიშნავს, რომ ნინი სანადირაძემ გამოავლინა დემოკრატიული პრინციპებისადმი ურყევი ნდობა, მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ძირი გამოეთხარათ მისი ღირსებისთვის.
მისი ლიდერობა დასტურია წინააღმდეგობისა და სოციალური სამართლიანობისა. ის დაუღალავად მუშაობდა მრავალ სხვადასხვა თემთან ინკლუზიური სივრცეების შესაქმნელად. მისი გამბედაობა შთააგონებს მუზეუმის პროფესიონალებს მთელ მსოფლიოში და კიდევ ერთხელ ადასტურებს მუზეუმების კრიტიკულ როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების დაცვაში სულ უფრო და უფრო რთულ გლობალურ ლანდშაფტში”. – აცხადებს „ევროპული მუზეუმების ფორუმი”.
თბილისის მერიიდან პროევროპულ პროტესტში მონაწილეობსა და მხარდაჭერისთვის ათობით ადამიანი გაუშვეს. თუმცა, კახა კალაძემ არაერთხელ უარყო, რომ მერიიდან რეორგანიზაციის საფუძველზე თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკურ პროცესებთანაა კავშირში.
8 აპრილიდანვე თბილისის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს გიგა დაიაური.
მერიას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია დაიაურის განათლების ან სამუზეუმო სფეროში გამოცდილების შესახებ.
თავად დაიაურს „ფეისბუქზე” უწერია, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.