ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ძალაში დატოვა

პუბლიკა
content image

დღეს, 7 აგვისტოს სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

დათაშვილის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ძალაში დატოვა. კალიჩენკომ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტები, რომ არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან დანაშაულის ხელახლა ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და/ან მიმალვის საფრთხე.

აღკვეთის ღონისძიების საკითხი დღევანდელი 7-საათიანი პროცესის ბოლოს განიხილეს.

მანამდე – სხდომის დაწყებისთანავე ადვოკატებმა მოითხოვეს, ნინო დათაშვილის საქმე სხვა სასამართლოს გადაცემოდა.

დაცვის მხარემ შუამდგომლობა იმით დაასაბუთა, რომ საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი, მათ შორის, მოწმეები, სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები არიან.

ნინო დათაშვილს ბრალად სასამართლოს მანდატურებზე ძალადობა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ამ საქმეში დაკავშირებული პირები, მათ შორის დაზარალებულად ცნობილი პირი, მათ შორის ბრალდებული, ყველა მოწმე არის თქვენი თანამშრომელი, ცხადია ნებისმიერი მოსამართლის შემთხვევაში იქნებოდა იგივე შუამდგომლობა, იქმნება გონივრული ეჭვი სასამართლოს მიუკერძოებლობასთან და ობიექტურობასთან დაკავშირებით […]. ვერც ერთი მოსამართლე ამ სასამართლოში ვერ დააკმაყოფილებს ობიექტურობის სტანდარტს და მიუკერძოებლობის სტანდარტს. სასამართლო ობიექტური უნდა იყოს ყველას თვალში, საზოგადოების თვალში, ბრალდებულის თვალში უნდა აღიქმებოდეს ობიექტურად. ვერც ერთი მოსამართლე და ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს დარჩეს ობიექტურად, როდესაც უნდა განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, სადაც ყველა ბრალდების მოწმე არის სასამართლოს თანამშრომელი”. – თქვა ადვოკატმა თამარ გაბოძემ.

შუამდგომლობას დაეთანხმა თავად ნინო დათაშვილიც – როგორც თქვა, მისთვის ძალიან მძიმეა მასზე მოძალადეების ყოველ ჯერზე ხილვა.

„ვეთანხმები ადვოკატებს შუამდგომლობაზე – ჩემთვის ძალიან მძიმე არის მოძალადეების ხილვა ყოველ ჯერზე სასამართლოში”. – თქვა მან.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თქვა, რომ „პრობლემას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქმეში დაზარალებულები და მოწმეები სასამართლოს თანამშრომლები არიან”.

როცა ნინო დათაშვილის პროცესის დროს შესვენება გამოცხადდა, მანდატურების სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი დარბაზთან დაბრუნდა და ადვოკატ თამარ გაბოძეს აგრესიულად ჰკითხა, რატომ გააგდებინა მოსამართლეს დარბაზიდან.

ადვოკატმა მას დამშვიდებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ასე ლაპარაკის უფლება არ ჰქონდა. ამაზე მატიაშვილი უფრო გაღიზიანდა და ხმამაღალი ტონით მოსთხოვა ბოდიშის მოხდა.

ადვოკატმა უთხრა, რომ მის ამ ქცევას აუცილებლად მოახსენებდა სასამართლოს.

„ვისაც გინდა, იმას მოახსენე”. – უთხრა თამარ გაბოძეს დავით მატიაშვილმა.

პროცესის განახლების შემდეგ ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, მომხდარი აღუწერა და უთხრა, რომ სწორედ ამას გულისხმობდა, როცა ითხოვდა, რომ ნინო დათაშვილის საქმე არა თბილისის საქალაქო სასამართლოს, არამედ იმავე დონის სხვა სასამართლოს განეხილა – ეს შუამდგომლობა მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დღეს არ დააკმაყოფილა.

„მე წარდგენილი მაქვს მტკიცებულება, სადაც ასახულია, რომ დავით მატიაშვილი იყენებს ფიზიკურ ძალას ადამიანების წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ამ მტკიცებულებების დაუშვებლობაზე აქვს პროკურატურას წარდგენილი შუამდგომლობა. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვახსენე, რომ ეს ადამიანი შემჩნეულია სხვების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში, მიყვიროდა არაერთი ადამიანის წინ, მაიძულებდა, რომ თქვენთვის მომეხადა ბოდიში. ამაზე გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას.

ვერც მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური და ვერც მანდატურები ვერ იქნებიან ობიექტურები და ყოველ შემდეგ პროცესზე შემიქმნიან მტრულ გარემოს, რომ ვერ ვიმუშაო. ეს იქნება იმ მოსამართლის ტვირთი, რომელმაც არ გაითვალისწინა ის მითითება, რომ საქმე უნდა გადაწყდეს ისეთ სასამართლოში, რომელიც ობიექტურად დაუკავშირებელი იქნებოდა ამასთან.

ასევე, ვითხოვ მომხდარზე რეაგირებას”. – თქვა თამარ გაბოძემ.

ადვოკატმა ასევე მოითხოვა პროკურორ მედეა ცირამუას აცილებაც,  ვინაიდან სწორედ ცირამუამ მოითხოვა  ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა 2009 წლის ფორმა 100-ის საფუძველზე.

პროკურატურა და პროპაგანდისტული მედიები აპელირებენ იმაზე, რომ სასამართლომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ადვოკატების ინფორმაციის საფუძველზე დააკმაყოფილა.

თამარა გაბოძე ამბობს, რომ პროკურატურამ დოკუმენტებში ცრუ ინფორმაცია ჩაწერა.

კერძოდ, 2019 წელს დაწერილ ფორმა 100-ში მითითებული იყო ინფორმაცია ნინო დათაშვილის ხერხემალთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელსაც გაუსაძლისი ტკივილების ფონზე თან ერთოდა ემოციური ლაბილობა, ანუ ტკივილზე მგრძნობელობა.

ადვოკატის თქმით, მას არსად უხსენებია აშლილობა, თუმცა, პროკურატურა სწორედ სიტყვა „აშლილობას” იყენებს.

თამარ გაბოძე ამბობს, რომ ბრალდებამ უგულებელყო დათაშვილის რეალური დიაგნოზი – ხერხემლის თიაქარი, რომელსაც თან ახლავს უწყვეტი და გაუსაძლისი ტკივილი.

„ნინოს ხერხემლის ტკივილი იქნა უგულებელყოფილი. 2025 წლის 31 ივლისს, როცა გამოძიება თითქმის დასრულდა, პროკურატურა დაეთანხმა გამომძიებლის ინფორმაციას, რომელშიც არსებითად მცდარი ინფორმაციაა შეტანილი. გამომძიებლის დადგენილებაში მითითებულია, რომ თითქოს დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ნინო დათაშვილს აქვს არამდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა და გამომძიებელს დადგენილებაში მითითებული აქვს ფსიქო-ემოციური აშლილობა, რაც არის მტკნარი სიცრუე და განზრახ მცდარი ინფორმაციის შეტანა სამედიცინო ცნობებში.

დიახ, მე წარვადგინე დოკუმენტი იმისთვის, რომ როცა პროკურატურა და სასამართლო იხილავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წერია, რომ მოსამართლეს ევალება, იხელმძღვანელოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

ბრალდებულის ჯანმრთელობის ნამდვილი მდგომარეობა – გაუსაძლისი ტკივილი, რომელიც მუდმივი და უწყვეტია, არც სასამართლოსთვის და არც პროკურატურისთვის საინტერესო არ ყოფილა.

ემოციური ლაბილობა კი დიაგნოზი რომ არ არის და დიაგნოზია ხერხემლის თიაქარი – გამომძიებელმა შეიტანა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჩემ მიერ წარდგენილ დოკუმენტებში ეწერა აშლილობა. პროკურატურამ მხარი დაუჭირა ამ შუამდგომლობას და მთელ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა”. – ამბობს ადვოკატი თამარ გაბოძე. 

სწორედ ამ საფუძვლით მოითხოვა გაბოძემ, საქმეს მედეა ცირამუა ჩამოშორდეს.

თუმცა, პროკურორი ამ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა. ცირამუა ირწმუნება, რომ ლაბილობა დაავადებაა, ხოლო დაცვის მხარე ექსპერტიზასთან დაკავშირებით უტრირებს. ცირამუა ირწმუნება, რომ ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმა არაფერ შუაშია.

„სისხლის სამართლის ყველა საქმეში ინიშნება ასეთი ექსპერტიზა”. – თქვა მან.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და პროკურორი მედეა ცირამუა საქმის პროკურორად დატოვა. 

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა თამარ გაბოძემ ასევე თქვა, რომ ნინო დათაშვილს გუშინ, 6 აგვისტოს მოტყუებით ჩაუტარეს ამბულატორიული ექსპერტიზა, რისთვისაც ციხეში „მალულად შეაპარეს” ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაღრაძე.

ადვოკატი მიუთითებს, რომ ამით მათ ჩაიდინეს „სამსახურებრივი სიყალბე”

„რატომ ჩაატარეს ამბულატორიული ექპერტიზა, თუ მიიჩნევთ, რომ სტაციონარი იყო აუცილებელი?

ან საერთოდ, რატომ შეაპარეთ გუშინ ექსპერტები ისე, რომ არც ადვოკატებს არ დაუკავშირდით?! უპასუხეთ საზოგადოებას, თუ თქვენ შუამდგომლობაზე მხარს უჭერთ და თუ მიიჩნევთ, რომ აუცილებელია ნინოს სტაციონარში მოთავსება, სასწრაფოდ რატომ გააქანეთ გუშინ ექსპერტები ნინოსთან და ისევ დაარღვიეთ ნინოს უფლებები, ისევ არ უთხარით, რა ხდებოდა მის თავს და როგორმე ცდილობდით, რომ გამოასწოროთ თავისი უდიდესი შეცდომა, რომ ხერხემალზე ჩატარებულ ოპერაციაზე ჩაატარეს სასამართლოში ფსიქიატრიული ექსპერტიზა. უნდოდათ ჩატარება.

ამის გამოსწორებას ცდილობენ ახლა. თვითონაც მიხვდნენ და საზოგადოებამ, მათ შორის ექსპერტებმა გააგებინეს, რომ არ შეიძლება, რომ ხერხემლის ოპერაციისა და ხერხემლის ტკივილის გამო, დადგეს შერაცხადობის საკითხი და თავისივე ამ შეცდომას ისე ცდილობენ, რომ გამოასწორონ, არც უთხრეს არც დაცვის მხარეს, არც ნინოს და განჩინება სტაციონარული ექსპერტიზაზეა.

ჩაიდინეს სამსახურებრივი სიყალბე, სავარაუდოდ, დააძლაეს ამბულატორიულზე და შეარბენინეს დავით მაღრაძე გუშინ მალულად, იმიტომ, რომ თავი გადაერჩინათ და ნინო არ გადაეყვანათ, ამით დასტურდება, რომ დაცვის მხარე მართალი იყო, ამით დასტურდება, რომ ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციის გამო ადამიანის შერაცხადობის საკითხი იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ”. – თქვა თამარ გაბოძემ.


ნინო დათაშვილს ბრალი სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს – ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.

დათაშვილმა მაშინ თქვა, რომ 112-ში დარეკა და ძალადობის შესახებ შეატყობინა, თუმცა, პოლიცია ადგილზე არ მისულა.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა ის ავტობუსის გაჩერებაზე იდგა.

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ უთქვამთ, რა მუხლის საფუძველზე აკავებდნენ, ამასთან, ხელიდან გამოგლიჯეს ტელეფონი და არ მისცეს ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალება.