ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, მომდევნო პროცესამდე შესაძლოა ადვოკატებმა პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ – ის მიუთითებს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის გამოც დათაშვილი დღეს სხდომას ვერ ესწრებოდა და პროცესი 17 სექტემბრისთვის გადაიდო.
თამარ გაბოძე აღნიშნავს, რომ ადვოკატებმა არაერთხელ მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას, უზრუნველყოფილი ყოფილიყო დათაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდება, მათ შორის ორთოპედიული ლეიბი, თუმცა ეს ამ დრომდე არ არის დაკმაყოფილებული.
„ნინოს დაკავების დროს ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მას აქვს ხერხემალზე გაკეთებული ოპერაცია, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა და გასაკეთებელი აქვს მეორე ოპერაცია. მაგ ოპერაციას თავისი რისკები აქვს, რის გამოც აქამდე ვერ მოხერხდა ოპერაციის გაკეთება. მას აქვს მალთაშუა დისკის თიაქარი და აქვს გაუსაძლისი ტკივილები პერიოდულად. გარდა იმისა, რომ ნინოს პატიმრობის არშეფარდებასთან დაკავშირებით ვუთითებდით ამაზე, რაც პროკურატურამ გამოიყენა ბოროტად და ამის გამო დაუნიშნეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, თვითონ ციხის ადმინისტრაციას გავუგზავნეთ არაერთი წერილი, სადაც ვითხოვდით, რომ ნინოსთვის შეექმნათ ელემენტარული პირობები, რომლებიც იქნებოდა მის საჭიროებებზე მორგებული და ინკლუზიური, მათ შორის ყოფილიყო ორთოპედიული ლეიბი, რაც არ არის ისეთი დაუძლეველი ამბავი, რომ ციხემ ვერ უზრუნველყოს მისთვის ამ ლეიბის შეტანა.
ასევე, ვითხოვდით, რომ ნინოს ჩასტარებოდა ყველა საჭირო სამედიცინო კვლევა და გადაეყვანათ ქალაქის საავადმყოფოში, რადგან ძალიან ნათელი იყო, რომ ციხის პირობებში ვერ იქნებოდა მკურნალობა ეფექტური და სწორედ ეს დადასტურდა. ნინოს აქვს ძალიან მაღალი ინტერესი, რომ ჩაერთოს სასამართლო პროცესებში და რადგან ის ვერ მოვიდა პროცესზე, იმას ნიშნავს, რომ ის არის ძალიან მძიმედ. როცა ჩვენ ვისაუბრეთ შაბათს, ამას აღნიშნავდა, რომ იღებდა მაქსიმალურად გამაყუჩებლებს…
მოგეხსენებათ, რომ გამაყუჩებელი არ არის მკურნალობა და არ შეიძლება ამით შემოიფარგლოს ციხის ადმინისტრაცია – ის არის ახლა პასუხისმგებელი ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმიტომ, რომ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და არსებობს ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, მათ შორის საქართველოში, როცა ციხის პირობებში გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა შეფასდა როგორც წამება და არასათანადო მოპყრობა.
როცა პატიმარი ვერ იღებს ჯანმრთელობის სერვისს და როცა ის არის გაუსაძლის ტკივილებში დახურულ დაწესებულებაში და სახელმწიფო არც ათავისუფლებს პატიმრობიდან და არ სთავაზობს შესაბამის სათანადო სერვისებს, ეს ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც წამება და არასათანადო მოპყრობა”, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მსგავსი მოთხოვნით პენიტენციურ დაწესებულებას, მინიმუმ, სამჯერ მიმართეს, თუმცა აქვე ადვოკატი მიუთითებს, რომ როგორც კი ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა პატიმრის საჭიროების შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა ეზრუნათ მისი მიწოდებისთვის.
„ჩვენ მივმართეთ არაერთხელ, ამის დათვლა უკვე შეუძლებელია, იმიტომ, რომ თავად ნინო ზეპირადაც აკეთებდა მოთხოვნებს – დაახლოებით, სამჯერ მივმართეთ ადვოკატებმა, მეორე ადვოკატმაც მიმართა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მოთხოვნაა, მაგრამ ამის დათვლასაც არ აქვს აზრი, რადგან ერთხელ როცა გახდა ცნობილი ციხისთვის ინფორმაცია, რომ პატიმარს ჰქონდა საჭიროება, მას დაუყოვნებლივ უნდა ემოქმედა.
ნებისმიერ დაწესებულებაში პატიმრების ჯანმრთელობის ინტერესი არის ძალიან მაღალი ვალდებულება სახელმწიფოსთვის, მით უმეტეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ის თავისუფლება შეზღუდულია, მთელი ტვირთი გადადის სახელმწიფოზე, რომ ეს თავისუფლების შეზღუდვა/აღკვეთა არ გადააქციოს ტანჯვად”, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ხვალ შეხვდება ნინო დათაშვილს და განიხილავს ამ საკითხებს, მათ შორის ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნისა და პატიმრობის შეცვლის შესახებ.
„ჩვენ ხვალ დილას ნინოსთან გავივლით ამ საკითხს, მივმართავთ, რომ ციხემ უზრუნველყოს ქალაქის საავადმყოფოში მკურნალობა, ასევე, განვიხილავთ ყველა სხვა შესაძლო საკითხს, მათ შორის სასამართლოში პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, რადგან ფაქტია, რომ საერთოდ პატიმრობის არცერთი საკანონმდებლო მიზანი ნინოსთან მიმართებაში რელევანტური არ იყო და სრულიად უსაფუძვლოდ აქვს პატიმრობა შეფარდებული.
ისედაც, საკანონმდებლო მოთხოვნების პატიმრობის მიზანი არ არის ადამიანის ტანჯვა და თუ ადამიანს ვერ აძლევს დახურულ დაწესებულებაში საჭირო სერვისს, ნიშნავს, რომ ადამიანს ტანჯავ. თუ ეს საჭიროება იქნება და ვერ უზრუნველყოფს ციხე დაუყოვნებლივ მისი ჯანმრთელობის სერვისების და საჭიროებების უზრუნველყოფას, ძალიან სწრაფად ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ შეიცვალოს პატიმრობა, არ დაველოდებით სასამართლო პროცესს”.