ნინო დათაშვილის წერილი

პუბლიკა

სინათლე არ უნდა ჩაქრეს

თვეში თითო ლარი ყველამ

21 აგვისტო, 2025 წელი

ეს პლაკატები გუშინ ღამით საკანში დავამზადე, მაგრამ სამწუხაროდ, სასამართლოში ეტაპირებისას პენიტენციური დაწესებულებიდან არ გამომატანეს, ასევე წინა სხდომაზე გაკეთებული ნაწერები ბლოკნოტიდან ამომახევინეს, რას ვიზამთ, „ციხეს თავისი წესები აქვს“.

შემდეგ სასამართლო სხდომის დაწყებამდე, იქვე, საკანში დავიწყე წერა, დრო მქონდა, რამდენიმე გავაკეთე, გავამუქე, მაგრამ ვიდეოთვალით დააფიქსირეს და ესკორტის ოფიცრებს დაურეკეს, ამიტომ დარბაზში ვეღარ შემოვიტანე.

ოფიცრები თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ. ღირსეული ადამიანები მუშაობენ პენიტენციურ დაწესებულებაშიც, მათზე ნუ გავბრაზდებით. ნეტავ, მთელ სახელმწიფო სისტემაში, ყველგან ასეთი ღირსეული და კეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობდნენ. სამედიცინო პერსონალი ცალკე აღსანიშნავია.

მეორე მხრივ, ჩემი წერა-კითხვა „ზემოთ“ ასე თუ აშინებთ, ძალიან კარგად ყოფილა პროტესტის საქმე.

სხდომაზე ცოტა მოწყენილი ვიყავი, ამის გამო. ციხეში წარწერიანი მაისურიც გამომაცვლევინეს – „ტალღის“ ლოგო, წარწერა – „ისევ გავიმარჯვებთ“ და ევროკავშირის დროშა. ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ მომქონდა, ჩემი პროკურორისთვის საჩვენებლად, ეგეც დამატოვებინეს.

სიმბოლური მგონია ის ამბავი, რომ დაკავების მომენტში ჩანთა რომ გამომგლიჯეს, მელაგა თაბახის ფურცლები, მარკერები, ფანქრები, ცარცები, რადგან აქციაზე მივდიოდი, შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, სამწუხაროდ, ვეღარ მივედი.

ყველა მედიას, ჟურნალისტებს უდიდესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, ვინც ესწრებით და აშუქებთ ჩემს საქმეს, სხვების საქმეებს, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ჩემთვის გმირობის ტოლფასია თქვენი საქმიანობა ასეთ მტრულ გარემოში, რომელიც ე.წ. ხელისუფლებამ შეგიქმნათ, შეგვიქმნა.

მედიების მდგომარეობა ძალიან მედარდება და განვიცდი, მუდმივად მოსავალზე ვფიქრობ მეც. როცა მედიაკამპანიასინათლე არ უნდა ჩაქრესვნახე და დღევანდელ მედიის მხარდამჭერ ფარნების მარშზე გავიგე, მაშინვე ჩემს ოჯახში დავრეკე და ჩემი ანგარიშიდან 22 მედიისთვის 220 ლარის გადარიცხვა ვთხოვე, თან შეტყობინება დავტოვე, რომ ყველამ თითო ლარი გადავრიცხოთ ყოველ თვე, ასე მედიებს გადავარჩენთ.

მედია გვჭირდება ყველას, მთელ ქვეყანას, მედიის გარეშე ვერ გადავრჩებით. ვიცი, რომ მედიის უამრავი წარმომადგენელი ცარიელ ენთუზიაზმზე მუშაობს, მაგრამ ასე დიდხანს ვერ შეძლებენ, ყველას უნდა გვესმოდეს.

კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ გეტყვით, რომ ქართველი ჟურნალისტები (ნამდვილ, კრიტიკულ მედიებს ვგულისხმობ, ცხადია) ხართ გმირები და როგორ უნდა გადავიხადოთ საზოგადოებამ თქვენდამი მადლიერება, რთულად წარმომიდგენია, თუმცა ეს მცირედი – სიმბოლურად თვეში 1 ლარის (მინიმუმ) გადარიცხვა ყველას შეგვიძლია; ამას სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს.

შეიძლება, კამპანიის ხასიათი მიეცეს და კონკრეტული დღე დაწესდეს – მედიის ჰონორარის/ ხელფასის დღე, თვის განსაზღვრული რიცხვი, მაგალითად, ყოველი 25 და შეგვახსენებთ ხოლმე „ხვალ/ დღეს მედიის ხელფასის დღეა“

ძალიან კარგი იდეაა მედიების გაერთიანებული პლატფორმა და ერთიანი საბანკო ანგარიში; მუდმივად აქტუალური უნდა იყოს და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაც უნდა ავამაღლოთ უფრო მეტად. ნეტავ, „მთავარი არხი“ ასე გადაგვერჩინა. ძალიან მაწუხებს განცდა, რომ რამდენიმე გადარიცხვის გარდა, სხვა ვერაფერი გავაკეთე.

ახლა, რა თქმა უნდა, ონლაინმედიებია მნიშვნელოვანი პრიორიტეტული, მაგრამ არც ტვ მედიებს ულხინთ. ხშირად ჯგუფი არ ჰყავთ, რომ გადასაღებად გაუშვან. მოკლედ, როგორც პურს ყიდულობს მოსახლეობა, ასე უნდა „იყიდოს“ მედიასერვისი.

უფრო მეტი მედია უნდა გაჩნდეს, განსაკუთრებით – რეგიონებში. სათემო ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ რეგიონული მედიის გაჩენას და გაძლიერებას. მედიის მნიშვნელობაზე უამრავი რამის თქმა და წერა შემიძლია, მაგრამ ახლა მოკლედ ვიტყვი – მზია ამაღლობელი!

აქამდეც ვფიქრობდი, მედიების გასაძლიერებლად რისი გაკეთება შეიძლებოდა, ციხეში დღიურში ვინიშნავ პატარ- პატარა იდეებს, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ მაქვს, მაგრამ მაინც მოვიწერები, იქნებ გამოგადგეთ.

  1. მოხალისე ჟურნალისტი – ძალიან ბევრ ადამიანს უოცნებია ჟურნალისტობაზე, თუნდაც ბავშვობაში, მეც მათ შორის. ახალგაზრდობაში რამდენიმე სტატიაც გამოვაქვეყნე. ჟურნალისტობას არ გავყევი, რადგან საჯაროობა არ მიყვარს. ახლა გარეთ რომ ვიყო, სიამოვნებით ვიმუშავებდი მოხალისე ჟურნალისტად, წერის გამოცდილება მაქვს. ხომ არიან ჩემნაირი ადამიანები, ასევე ჟურნალისტიკის სტუდენტები, რომელთათვისაც შესანიშნავი გამოცდილება და პრაქტიკა იქნებოდა. კონკურსით შეარჩევდით, გადაამზადებდით, ასეთი მოხალისეები და პრაქტიკანტები შრომას შეგიმსუბუქებდნენ <3 <3 <3 ზოგი მიკროფონს დაიჭერს, ზოგი ტელეფონით ჩაიწერს/გადაიღებს, ზოგი დაწერს. საზოგადოების სოლიდარობა ყველაზე მეტად ახლა თქვენ გჭირდებათ. სოლიდარობას უდიდესი ძალა რომ აქვს, სულ ახლახან გამოვცადე.
  2. სამოქალაქო ჟურნალისტიკა – მოქალაქე ჟურნალისტის როლსა და მნიშვნელობაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, აუცილებელია მისი აქტიურად დანერგვა, მით უმეტეს რეჟიმის პირობებში, მედიის შევიწროების დროს.

მე თავად მაქვს გავლილი სამოქალაქო ჟურნალისტიკის როგორც ორთვიანი კურსი, ისე ერთდღიანი ტრენინგი, მომზადებული პროფესიული ჟურნალისტების მიერ. მოქალაქეთა აქტიური გადამზადება უნდა მოხდეს. შეიძლება ვიდეოლექციები ჩაიწეროს და მსურველი მოუსმენს, უნარებს შეიძენს, საჭიროებისამებრ გამოიყენებს.

  1. მედიაწიგნიერება – ეს მხოლოდ მედიებს არ ეხებათ, მთელი საზოგადოება უნდა ვეცადოთ მედიაწიგნიერების ამაღლებას, მაგრამ პროპაგანდა-დეზინფორმაციასთან ბრძოლა მედიის უშუალო ფუნქციად მიმაჩნია, განსაკუთრებით ტვ მედიები უნდა პასუხობდნენ მყისიერად, რადგან ამის რესურსი აქვთ. მოსახლეობის დიდი ნაწილი არაა გარკვეული ყველაფერში და არც არიან ვალდებულნი, მაგრამ ცრუ ნარატივი ძალიან მალე ვრცელდება. პროტესტის მხარე და კრიტიკული მედიები ვერ უპირისპირებენ ეფექტიანად საკუთარ ნარატივს. რამდენჯერ შევსწრებივარ ასეთ ფაქტს, გადართავს „იმედზე“/ „რუსთავი 2-ზე“, საშინელი სიცრუე და დეზინფორმაციაა, გადმორთავს „ტვ პირველზე“, „ფორმულაზე“ ცოტა ხსნის შემდეგ, ვითომ არაფერი, ჩვეულებრივ გრძელდება ეთერი.

ამ დროს კი არალეგიტიმურმა და ე.წ. პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და სხვამ მასშტაბური ტყუილი თქვა. ამას ვგულისხმობ მყისიერ პასუხში, რომ პირდაპირი ეთერიდან უნდა გაეცეს პასუხი უტიფარ სიცრუეს.

სახელისუფლებო პროპაგანდას უზარმაზარი რესურსი აქვს, და თან მარტო მედიით არ ხდება პროპაგანდირება. ამიტომ უნდა ჩავერთოთ ყველა დეზინფორმაციასთან ბრძოლაში და სიცრუეს სიმართლე დავუპირისპიროთ.

ავიღოთ თუნდაც ჩემზე გავრცელებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია თითქოს ჩემმა ადვოკატმა/ადვოკატებმა წარადგინეს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომ ფსიქიკური დიაგნოზი მაქვს, პენიტენციურშიც ისე დარწმუნებით მეუბნებოდნენ, ლამის მეც დავიჯერე.

ძალიან კარგად დავუპირდაპირდით ამ ცილისწამებას და სიცრუეს. მადლობას გიხდით ყველას. ტელევიზიით ვნახე და დარწმუნებული ვარ, ონლაინმედიებიც აქტიურად აშუქებდით.

მედიაჩეკერმა და ფაქტჩეკერებმა უნდა იმუშაონ აქტიურად, ძალიან ბევრს შრომობენ, მადლობა მათ, მაგრამ ამოწურვადია აქ რესურსიც, ამიტომ აქტიური მოქალაქეები ამ მიმართულებითაც უნდა გადამზადდნენ და მთელი საზოგადოება შეებრძოლოთ ბოროტ მანქანას.

ჩვენ ვაგებთ საინფორმაციო ომში, სამწუხაროდ. ეს უნდა შეიცვალოს.

დღეს ვიცოდი, რომ ფანრების მარში 20 საათზე იყო დაგეგმილი, ამიტომაც ვეცადე, მალე გამეშვით სხდომათა დარბაზიდან : ) გადასარევი აქცია გაქვთ, ახლა ვუყურებ ტელევიზორში და გული სიხარულით მაქვს სავსე <3 თქვენ დიდი ძალა ხართ და საზოგადოება მარტო არ დაგტოვებთ.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს და თქვენც გქონდეს ჩვენი იმედი

 

ძალიან მიყვარხართ