ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება PHR-მა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დათაშვილის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 7 აგვისტოს დაინიშნა.

PHR-ის განცხადებით, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმების უგულებელყოფით.

21 ივნისის სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე მოწმეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე მიმალვის საფრთხეები.

ადვოკატი თამარ გაბოძე ბრალდების მოთხოვნას არ დაეთანხმა, მისი თქმით, არ არსებობს არცერთი ეს საფრთხე. გაბოძის თქმით, დათაშვილის მიმართ გამოძიება 10 დღის წინ დაიწყო, თუმცა, პროკურატურა მას ერთხელაც არ დაჰკავშირებია.

ადვოკატმა მოითხოვა ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება.

თუმცა, ალტერანატიულ ღონისძიებად შესთავაზა ნინო დათაშვილის გათავისუფლება 20-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე დამატებით ღონისძიებებთან ერთად: პოლიციაში გამოცხადების ვალდებულება და საჭიროების შემთხვევაში პასპორტის ჩაბარების ვალდებულება.

სხდომაზე განცხადება გააკეთა თავად ნინო დათაშვილმა. 

მისი თქმით, ის 20 ივნისს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ავტობუსის გაჩერებაზე დააკავეს. 

დათაშვილისვე თქმით, დამკავებლებს მისთვის არ განუმარტავთ, რა მუხლის საფუძველზე აკავებდნენ, თუმცა ახლობელთან და ადვოკატთან დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ.


სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ნინო დათაშვილს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმის წარმოება ნინო დათაშვილის მიმართ შსს-მ 11 ივნისს დაიწყო, ხოლო 20 ივნისს დააკავეს.

საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარს.

ამ დღეს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა სინდისის 8 პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა.

დათაშვილი ამბობდა, რომ პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.

ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.

საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.