ნინო კაციაშვილი წერს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
კაციაშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში ხელშეკრულებით იყო დასაქმებული, რომელსაც ვადა 31 დეკემბერს გაუვიდა და რომელიც არ გაუგრძელეს.
„აღარ ხართ საჭიროო”. – ამბობს ნინო.
„18 წელი ვიმუშავე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ეს საქმე არასოდეს ყოფილა უბრალოდ სამსახური. ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები მაქვს მასზე გახარჯული.
ვფიქრობდი, რომ ჩემი სამსახურისთვის ღირებული თანამშრომელი ვიყავი.
მაგრამ დადგა დღე, როცა მიუღებელი აღმოჩნდა განსხვავებული აზრი.
არც წლებს, არც კომპეტენციას არავინ დაგიდევს ახლა.
ის თაობა მაინც, ვის თვალწინაც 9 აპრილს გაუვლია, რუსეთის მომხრე ვერ იქნება! ასე გავიზარდე! შავლეგოს ვმღეროდი ბალღობიდან და ძალიან გვიანია ახლა ჩემში რამე შეიცვალოს!
ყველა ჩემს კოლეგას, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და მართლა მშვიდობიანი განვითარება, წარმატებებს ვუსურვებ”. – დაწერა ნინო კაციაშვილმა „ფეისბუქზე”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე 1 იანვარს დაწერა ვაკო მაისურაძემ, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.
ვაკო მაისურაძის თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი 1 დეკემბერს „ფეისბუქზე” დაწერილი კრიტიკული პოსტი გახდა, რომელშიც ის აღნიშნავდა, ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აყოვნებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული”. ამავე პოსტში ის ამბობდა, რომ არ უნდა დავუშვათ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ ჩატარდა რეორგანიზაცია და რომ „7 დეკემბრის ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა ახალი საშტატო ნუსხა და ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა”.
2024 წლის დეკემბრის შემდეგ რამდენიმე ათეული საჯარო მოხელე გაათავისუფლეს სამსახურებიდან: პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, საჯარო რეესტრიდან, თბილისის მერიიდან, ცესკოდან. მიზეზად ისინი პოლიტიკურ მოტივს ასახელებენ – უმეტესი მათგანი ხელმომწერია ერთობლივი განცხადებებისა, რომლითაც დაგმობილია „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროინტეგრაცია.