ნინო ლომჯარია კობახიძის ბრალდებებს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას.

დღეს კობახიძემ ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა რომ “სახალხო დამცველიც იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელსაც ჰქვია ომის პარტია და ბუნებრივია, ისიც არის ამ განზრახვის შემადგენელი ნაწილი.”

ნინო ლომჯარია კობახიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკური თავდასხმის ადრესატია.

“ადამიანის უფლებების დაცვა მთელი მსოფლიოს ქვეყნებში მშვიდობის გარანტად ითვლება. იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არაა, ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყანაში არსებული მშვიდობის. ამიტომ ჩემი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით ვფიქრობ, სწორედ ამ მიზანს ვემსახურები.

დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნისა. ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არცერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს.

არ ვიცი, ეს პოლიტიკურად მათთვის რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად საერთაშორისო სასამართლოებში და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისწინებენ და ძლიერი აღიარება ექნება”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.