სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბორჯომში ჩავიდა და კომპანია „IDS ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, კომპანიამ კუთვნილი ხელფასი მხოლოდ იმ თანამშრომელთა ნაწილს მისცა, რომელთაც ხელი მოაწერეს შემოთავაზებულ კონტრაქტებს, ხოლო იმ პირებს, ვინც შრომის პირობების გაუარესებას არ დათანხმდა, კომპანია უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარს ეუბნება. მათ ასევე ისაუბრეს ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზეც.
სახალხო დამცველმა მხარდაჭერა გამოუცხადა დასაქმებულებს და სავარაუდო დისკრიმინაციული პრობლემების ეფექტურად შესწავლას დაპირდა.
„ამ კომპანიაში დასაქმება მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა და უხელფასოდ ეს ადამიანები სრულიად უსახსროდ რჩებიან. ამასთან, ბევრ მათგანს ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეც ემუქრება.
მართალია, დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მიმდინარეობს, პრობლემა იმდენად მასშტაბური გახდა – 400-მდე ადამიანს შეეხო, რომ გასცდა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოებს და აუცილებლად უნდა გახდეს სახელმწიფოს განხილვის საგანი. სახელმწიფოს მედიაციით უნდა გამოინახოს საუკეთესო გამოსავალი და ამ პროცესში ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.