თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა, კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაზე ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] სამართალდამრღვევად ცნო და 2800-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ნინო ნადირაძე ქათამაძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდა – სწორედ მან მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, თემურ ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, მან კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ნადირაძეს, რა დროსაც ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც კლინიკის, ასევე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
სხდომაზე თემურ ქათამაძის ადვოკატმა, მარიამ გაბროშვილმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო. ასევე მან ისაუბრა კლინიკა „ვივამედში” თემურ ქათამაძის ყოფნის პერიოდზე და აღნიშნა, რომ 48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქათამაძისთვის სათანადო კვება გათვალისწინებული არ იყო და „რამდენიმე საათის დაგვიანებით მისცეს, თან მარილიანი, რამაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია”. გარდა ამისა, ადვოკატმა თქვა, რომ თემურ ქათამაძე მთელი დღის განმავლობაში კლინიკაში უყურადღებოდ იმყოფებოდა.
სწორედ ამიტომ, ადვოკატის განცხადებით, თემურ ქათამაძე მიგრაციის დეპარტამენტში დაბრუნებას ითხოვდა.
როგორც მარიამ გაბროშვილმა აღნიშნა, თემურ ქათამაძე კატეგორიულად უარყოფს ნინო ნადირაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მისივე თქმით, კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ 2 საათის შემდეგ დარეკა 112-ში და მისთვის ფეხის მოქნევის ფაქტზე ისაუბრა, „სწორედ ამ საფუძვლით გამოიძახა მან პოლიცია, თუმცა ოქმში მითითებულია, რომ თემურ ქათამაძე იგინებოდა, ილანძღებოდა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს”.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თემურ ქათამაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ „პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა“.
„არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო – მე, უბრალოდ, 5 წუთის შემდეგ „ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო [ნინო ნადირაძემ]. სამი ადამიანია მოწმე… ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი. მე სულ წყნარი ვიყავი, ხმისთვის არ ამიწევია, სიტყვიერ არ მიჩხუბია, ფიზიკურად არ მიჩხუბია, ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, – განაცხადა ქათამაძემ.
თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს).
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ის „ვივამედში“ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ქათამაძემ შიმშილობის შედეგად გონება დაკარგა.
მიგრაციის დეპარტამენტიდან გამოგზავნილ წერილში თემურ ქათამაძე „ვივამედში“ ყოფნის პერიოდს აღწერს და სწორედ ამ წერილშივეა საუბარი მის პალატაში მომხდარ ინციდენტზე.
კერძოდ, მისი თქმით, 6 მარტს 15:30 საათზე „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე, კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და მისი მკურნალი ექიმი მაკა ვაწაძე შევიდნენ მასთან ოთახში, რა დროსაც ის საწოლში იწვა.
ის დეტალურად წერს საუბრის შინაარსზე და ამბობს, რომ კლინიკის ხელმძღვანელობამ მას „პროვოკაცია“ მოუწყო. მისი თქმით, 48-დღიანი შიმშილობიდან და დაკლებული კილოგრამებიდან გამომდინარე, 5 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ლოგინში ერთ მდგომარეობაში ვერ წვებოდა და პოზიციის შეცვლა ხშირად სჭირდებოდა, სწორედ ამიტომ „ფეხების პოზიციის შეცვლისთვის მარჯვენა ფეხი ავწიე ზემოთ და ჩემს საწოლზე თითქოს მოწებებულ ნინო ნადირაძეს ჩემი ფეხი შეეხო. ნადირაძემ ატეხა ყვირილი – „ფეხი დამარტყა, 3 ადამიანი მოწმე ხართ… სუფთა პროვოკატორი ხარ!“, – წერს ქათამაძე წერილში.
თემურ ქათამაძის თქმით, „ეს არის „ვივამედის“ ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა”.
როგორც ის წერილში წერს, ამ „დაგეგმილი სპეცოპერაციის“ მიზანი და მიზეზი მისი „განეიტრალება“ და „საქართველოს დღევანდელი წესრიგიდან სრული გაქრობა“ იყო.