საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მოსამართლეების სანქცირების შესახებ თქვა, „გათვლა მოსამართლეებში თვითგადარჩენის ინსტინქტის გაძლიერებაზე კეთდება, რათა ასე ჩამოიშალოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტო”.
კომენტარი ქადაგიძემ დღეს, 4 აპრილს უზენაეს სასამართლოში გააკეთა, სადაც მას და სხვა მოსამართლეებს „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შეხვდა.
„ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს, განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერცერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე.
სანქცირებულთა სიებში მოსამართლეთა გვარების გამოჩენა მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე სხვა მიმართულებითაა, სავარაუდოდ, გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა“, – თქვა ნინო ქადაგიძემ.
მისივე თქმით, „ეჭვი არ ეპარება სისტემის მდგრადობასა და თითოეული კოლეგის სიმყარეში“.
დიდმა ბრიტანეთმა ლევან მურუსიძეს და მიხეილ ჩინჩალაძეს გლობალური ანტიკორუფციული რეგულაციების ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა.
სანქცირებულ პირებს გაეყინებათ საბანკო ანგარიშები და ყველა სახის ქონება, რაც მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე აქვთ.
მიხეილ ჩინჩალაძე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, ლევან მურუსიძე კი – ამავე სასამართლოს მოსამართლე. ორივე მათგანი გავლენიანი პირია ქართულ სასამართლო სისტემაში. არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია, აცხადებენ, რომ ისინი ე.წ. მოსამართლეთა კლანს ლიდერობენ.
მათ გარდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მიერ სანქცირებულია ათობით სხვა მოსამართლე, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ გამართული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეებში ფიგურირებენ.