მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ პოლიციელის წინააღმდეგობის მუხლით.
კერძოდ:
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით) რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა თქვა:
„მზია ამაღლობელის მიმართ საქართველოს სსკ-ის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353 მულის პირველ ნაწილზე, მზია ამაღლობელი ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. მზია ამაღლობელის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, მზია ამაღლობელს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2025 წლის 12 იანვრიდან განაჩენი რეაგირებისთვის გადაეგზავნოს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებას“.
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ გადაკვალიფიცირებას და სასჯელს სამართალთან არაფერი აქვს საერთო.
„სინამდვილეში ეს არის საკუთარი თავის და სახის გადარჩენის მცდელობა და სამართალთან ამას საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი. აბსოლუტურად უინტერესოა, 4 წელი იქნებოდა თუ 2 წელი. სასამართლომ და სასამართლოს უკან, იცით ვისაც ვგულისხმობ – მთელი ხელისუფლება იყო ჩართული მზიას წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში, ეს იყო მათთვის ვითომ სახის შენარჩუნების მცდელობა. ამას არაფერი საერთო არ აქვს 353-ე მუხლის კვალიფიკაციასთან.
გასაგებია, რომ ეს ყველას ბრძოლის შედეგია, მაგრამ ეს არ არის სამართალი”.
მზია ამაღლობელმა 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის არც ერთი მტკიცებულება.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.