ნინო წილოსანი ამბობს, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული | დეპუტატი მოქალაქეს „ადევნებაში" ადანაშაულებს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ „ადევნების” შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

საქმე ეხება ნინო წილოსანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქე მანქანიდან ასიგნალებს მაშინ, როცა წილოსანი თამარაშვილის ქუჩაზე, ინტერვიუს აძლევდა მედიას. დეპუტატის თქმით, მოქალაქემ მას „მოღალატე” დაუძახა.

წილოსანი აღნიშნავს, რომ რამდენჯერმე შენიშნა სხვადასხვა მანქანა როგორ „უთვალთვალებდა”.

ვიდეოში, და დამატებით სახლის წინ არსებულ სათვალთვალო კამერებში კარგად ჩანს, როგორ მელოდებოდა, ვიდრე ინტერვიუს დავასრულებდი და ჩართული კამერების გარეშე დავრჩებოდი მარტო, რომ დაშინება და მუქარა განეხორციელებინა. ამის შემდეგ დემონსტრაციულად ისევ დაარტყა ერთი წრე და სწორედ ამ დროს მოხერხდა გადაღება. დანარჩენს სხვა ვიდეოკამერები აღბეჭდავდნენ”, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

როგორც ნინო წილოსანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა ის პოლიტიკოსი და აქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, „პირდაპირ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა”.

„გუშინდელ [2 ივნისი] შემთხვევასთან დაკავშირებით 17:00 საათზე ვარ გამოკითხვაზე დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში და აუცილებლად, დეტალურად აღვწერ ამ მარაზმს, რასაც ადამიანურ ენაზე ფაშიზმი, მაგრამ კანონის ენაზე ადევნება ჰქვია.

ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, იმ პოლიტიკოსებისგან და აქტივისტებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედებენ. ფაქტია, რომ მათი მხრიდან წახალისების შედეგად, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. ზუსტად ის, რასაც აქამდე შემთხვევითობას აბრალებდნენ თითქოს გადაეყარნენ რომელიმე ჩემს კოლეგას და იქვე აქტივისტმა გამოხატა შეშფოთება და ეს გამოხატვის თავისუფლება იყო გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ სპონტანურობას არ აქვს ადგილი. ეს არის კარგად გამიზნული და გათვლილი,” – განაცხადა წილოსანმა.

ფაქტს გამოეხმაურა მოქალაქე, დავით კუპრავაც. მის კომენტარს „მთავარი არხი” ავრცელებს. კუპრავა წერს, რომ დეპუტატს, რომელიც ჟურნალისტებთან იდგა დაუსიგნალა და დაუძახა, რომ მოღალატეა. მისი თქმით, არანაირ ადევნებას და ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ჩემს მეუღლეს მივაკითხე სამსახურში, მოვდიოდი სახლის მიმართულებით, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქალბატონი ნინო წილოსანი აძლევდა ინტერვიუს თავის პროპაგანდისტულ არხებს, მას შემდეგ რაც დავინახე, დავასიგნალე და დავუძახე, რომ არის მოღალატე, რაც სრულად ჯდება ჩემ გამოხატვის და სიტყვის თავისუფლების ფარგლებში, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით, ეს იყო ჩემი შეფასება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე პირის მიმართ, მისი საქმიანობის მიმართ და ეს არ არის მარტო ჩემი შეფასება, ასე ფიქრობ ამ ქვეყნის უმრავლესობა დარწმუნებული ვარ, რაც დასტურდება ყოველდღიური მასშტაბური აქციებით.

სახლში მისულს დამხვდა ქალბატონი ნინოს პოსტი, რომ თურმე მე მას ავედევნე, მის მიმართ ვახორციელებდი მუქარას, ძალადობას და ასე შემდეგ, ჩემთვის გასაგებია, რომ ქალბატონ ნინოს საერთოდ არ ესმის მუხლი და არ იცის რას ნიშნავს ადევნება და მუქარა, თუმცა მინდა შევახსენო, რომ ადევნება და მუქარა არის ის, რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, გვიკეთებენ ჩვენ, ჩვენ გვიწევთ თავდაცვის საშუალებებით ვიმოძრაოთ, გადავაადგილეთ სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან სახლში, იმისთვის, რომ არ დაგვხვდნენ ვიღაც ტიტუშკები, არ გვცემონ”, – ამბობს კუპრავა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. ასევე, მოქალაქეების სახლებთან, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებზე შეურაცხმყოფელ და მუქარის შემცველ წარწერებს ტოვებენ. გარდა ამისა, კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს სახლებთან ხვდებიან და ფიზიკურად უსწორდებიან, თუმცა ამ დრომდე უწყებების მიერ იდენტიფიცირებული არავინაა.