აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანზე დაწერილი პოსტის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყეს.
მის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ ნატა ფერაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-16 ნაწილით დაიწყო, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას, მასზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედებას გულისხმობს.
ამ საქმის გამომძიებელი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ირაკლი კალანდია, ოქმში წერს: „2025 წლის 24 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა ირაკლი კალანდიამ სასამართლოში წარდგენისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით დავათვალიერე ნატალია ფერაძის ფეისბუქ გვერდი, რომლის დათვალიერების შედეგად აღმოვაჩინე, რომ 2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირს – ნინო წილოსანს. აღნიშნულ ფეისბუქ გვერდზე გაკეთდა ორი „სქრინშოთი“, თარიღისა და ტექსტის იდენტიფიცირების მიზნით. „სქრინშოთები“ დაერთვება სამართალდარღვევის საქმეს და წარედგინება სასამართლოს მტკიცებულებების სახით.“
გამომძიებელი ასევე წერს: „…სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ავტვირთე ნატალია ფერაძის ფეისბუქ გვერდიდან ჩამოტვირთული ფოტოსურათი. აღნიშნული ფოტოს დამუშავებით სახის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ამოცნობილი იქნა სავარაუდო სამართალდამრღვევი – ნატალია ფერაძე.“