ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია - ზურა ჯაფარიძე

პუბლიკა

ნინოწმინდაში რაც ხდება, ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია – წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.

მისი თქმით, პრობლემა საპატრიარქოშია, „რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში”

როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, კონკორდატი და ყველა იქიდან გამომდინარე პრივილეგია უნდა გაუქმდეს და „საქართველოს ეკლესიას უნდა მიეცეს შანსი, ხელახლა გაქრისტიანდეს”.

„სხვა ყველაფერი მხოლოდ სიმპტომებთან ბრძოლაა, რადგან რეალურ პრობლემაზე საჯაროდ საუბარი საშიშია და/ან პოლიტიკურად წამგებიანი.

დღევანდელი რეალობა კი ზუსტად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანაში გაბატონებული პატრიარქის კერპთაყვანისმცემლობა უპრობლემოდ იღებს ბავშვების სიცოცხლეს შესაწირის სახით“, – ამბობს ჯაფარიძე.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.