„ნინოწმინდის ბავშვებისთვის“ - აქციაზე ინციდენტი მოხდა

პუბლიკა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენები მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს.

აქციაზე მივიდნენ მთავარეპისკოპოს სპირიდონის მხარდამჭერებიც, რომლებიც აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ სამი მათგანი იქაურობას განარიდა.

აქციის მონაწილეები მთავრობისაგან მოითხოვენ:

• დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალურად გასაუბრების შესაძლებლობა;

• დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიეცათ.