ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ამბავი თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა - უგულავა

პუბლიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ პანსიონის ამბავი „თავიდან ბოლომდე საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა.“

„ის რომ სპირიდონს პანსიონში პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე მიყავს, თავხედობაა და ესეც საპარტიარქოს პასუხისმგებლობაა. ის რომ ოთხი წელია პროკურატურა ოთხ საქმეს იძიებს მათ შორის ერთი გაუპატიურების საქმეა, საკმარისი საფუძველია ერთხელ გაგდებული შოთაძის პროკურატურიდან საბოლოოდ გამოსაპანღურებელად. საერთოდ არაა გასაკვირი რომ სახელწიფო დუმს. ისინი მხოლოდ ივანიშვილის შვილებს იცავენ კრიტიკოსებოსგან. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად პატრიარქო, პროკურორო, პრემიერ-მინისტრო, როცა ბავშვებს ეხება გთხოვთ, გეაჯებით, მოვითხოვ გააღეთ პანსიონის კარი“,- წერს უგულავა.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.