ნინოწმინდის პანსიონიდან, ამ ეტაპზე, 20 ბავშვია გამოყვანილი - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო

პუბლიკა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან აღსაზრდელთა გამოყვანა გრძელდება.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, პანსიონიდან მათ 20 არასრულწლოვანი გამოიყვანეს, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

„სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.

ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. აღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობით განხორციელდა“, – აცხადებს სააგენტო.

უწყების განცხადებით, სააგენტოს გუნდი ადგილზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.