„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) იურისთვის ანა არგანაშვილის განცხადებით, ხვალ, 4 მაისს სასამართლოში შეიტანენ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვენ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას.
„ მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა“,- წერს არგანაშვილი სოციალურ ქსელში.
ომბუდსმენის ცნობით, პროკურატურიდან და შსს-დან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პანსიონთან დაკავშირებით 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.