პროკურატურამ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული პირის გ.ჩ.-ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, ჩ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ის გუშინ დააკავეს.
როგორც უწყება წერს, მოწმეს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა ემუქრებოდა. გ.ჩ. პროკურატურამ დაზარალებულად ცნო და შესთავაზეს მისი და ოჯახის წევრების თავშესაფარში გადაყვანა.
„გამოძიების დაწყების საფუძველი გ.ჩ.-ს ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს – გ.ჩ.-ს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა – ჩ.გ. ემუქრებოდა.
აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რა დროსაც გამოიკითხა გ.ჩ., რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ბიძის ჩ.გ.-ს მიერ მის მიმართ განხორციელებული მუქარის, კერძოდ, სიცოცხლის მოსპობის თაობაზე. ასევე, გამოიკითხა გ.ჩ.-ს მეუღლე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.