ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი სახლს მიიღებს – საფარი

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა.

ორგანიზაციის თქმით, ახალგაზრდა ქალსა და მის ნათესავებს შორის სამემკვიდრეო დავა 2013 წლის 23 მაისს მორიგებით დასრულდა, რის საფუძველზეც ის $22000 ღირებულების კეთილმოწყობილი სახლის მესაკუთრე გახდა. საქმეზე „საფარის“ იურისტი, ცირა ჯგერენაია 2021 წლიდან მუშაობდა. პროცესში ჩართული იყო ორგანიზაციის იმერეთის რეგიონის იურისტი, სალომე სალდაძეც.

„საფარის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი 20 წლისაა და მასთან მუშაობა 2021 წელს, პანსიონის დატოვებიდან რამდენიმე თვეში დაიწყეს.

„მას არ გააჩნდა საცხოვრებელი ადგილი, თავს მეგობართან აფარებდა.  პანსიონატში ყოფნის დროს  მას არ მისცემია შესაძლებლობა, დაუფლებოდა დამოუკიდებლად ცხოვრებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, შესაბამისად, მას ბევრი, თითქმის გადაუჭრელი სოციალური პრობლემებიც აწუხებდა“, – ამბობს იურისტი, ცირა ჯგერენაია.

ორგანიზაციის თქმით, იურისტთან გასაუბრებისას ქალმა ახსენა, რომ რამდენჯერმე იყო ნამყოფი მამისეულ სახლში, ქალაქ ქუთაისში. „საფარში“ აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდა ქალს მამა 2007 წელს, 4 წლის ასაკში გარდაეცვალა.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის გამოკვლევის შემდეგ ახალგაზრდა ქალის ბაბუის საკუთრებაში, ქუთაისში, ნამდვილად ფიქსირდებოდა საცხოვრებელი სახლი. ბაბუისა და მამის გარდაცვალების შემდეგ კი სახლი უკანონოდ, არაერთი დარღვევის საფუძველზე, ერთ-ერთმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა საკუთრებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაახლოებით წლინახევრის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოდან მოიპოვეს მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ჯერ ქუთაისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს.

ადვოკატის თქმით, ამ საქმის წარმატებით დასრულება ახალგაზრდა ქალს შესაძლებლობას მისცემს, ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, მიიღოს განათლება და უკეთ ინტეგრირდეს საზოგადოებაში.


„საფარი“ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებთან 2021 წლიდან მუშაობს და ამ დრომდე 50-ზე მეტ ადამიანს გაუწიეს სამართლებრივი, ფსიქოლოგიური თუ სოციალური დახმარება. 2022 წლის ივლისში, მათთან 9-თვიანი მუშაობის შემდეგ, ორგანიზაციამ შეიმუშავა და გამოაქვეყნა რეკომენდაციების პაკეტი.

2023 წლის 13 აპრილს, ორგანიზაციამ პანსიონის 5 ყოფილი აღსაზრდელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგის სასამართლოსგან „საფარი“ ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას.