ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში დადანაშაულებული მიტროპოლიტი სტუმრობდა

პუბლიკა

„როგორ აღინიშნავენ ნინოობას ნინოწმინდის ბავშვთა სახლში“ – ამ სახელწოდებით აქვეყნებს მასალას საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რომლიდანაც ირკვევა, რომ დღეს, 1 ივნისს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი სტუმრობდნენ. წირვა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა აღავლინა.

ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილმა მიტროპოლიტმა სერაფიმემ 2017 წელს ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დატოვა.

„ერთუსლოვნების“ გადაცემა „განთიადში“ მიტროპოლიტი სერაფიმე ამბობს, რომ იმყოფება ნინოწმინდის „შესანიშნავ ბავშვთა სახლში“, რომელსაც მზრუნველობს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი. ის ამბობს, რომ ბევრჯერაა იქ ნამყოფი და იცის ამ „შესანიშნავი ბავშვთა სახლის“ მიღწევები, შრომა და ეკლესიის დიდ დამსახურებად აფასებს, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში „დაფუძნებულ კერაში“ ბავშვები იღებენ ეროვნულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას და სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულს. მისივე შეფასებით, ეს „უდიდესი ეროვნული საქმეა“.

„ჩვენ გვიხარია, ჩამოვდივართ ხშირად, ყოველ დღესასწაულზე აქ და გამოვხატავთ ერთობლივად ჩვენს სიყვარულს და პატივისცემას და აღიარებას იმისა, თუ რა შრომა, რა სიყვარული დევს ამ ბავშვებში, ამ შენობაში და რა განუწყვეტლივ წირვა-ლოცვა ტარდება ამ ეკლესიაში“, – თქვა მან.

მისი თქმით, ამ ბავვთა სახლს „ქვეყანა, სახელმწიფო და საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს“.


სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიეცათ.