პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც „პუბლიკას“ საპატრიარქოს პრესსამსახურში განუცხადეს, პანსიონის ხელმძღვანელი ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი გახდა.
10 ივნისს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ნინოწმინდის საკითხზე განაცხადა, რომ გასაკვირი არაა, უფროსმა და ღონიერმა ადამიანმა პატარას სიტყვით ვერ გააგებინა და ძალა გამოიყენა.
„ასეთ სისულელეს რომ ლაპარაკობენ, ლამის მაცივარში გვამები და რაღაც სადისტური რაღაცები, ცალკეულ ადამიანებს შეიძლება მასეთ დაწესებულებებში კი არა გარეთ არ ჰყოფნით ნერვები. პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ. რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს. მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ, როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხომ უნდა იყოს. ვნახოთ, ფაქტი თუ იყო, ძალიან უმკაცრესად დაისჯებიან“, – განაცხადა მან.
საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.
5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.