ნინოწმინდის პანსიონში რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან

პუბლიკა

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

მათ უნდა შეამოწმონ პანსიონის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება.

სააგენტოს წარმომადგენლის, ტარიელ კაშიას ინფორმაციით, პანსიონი ბოლოს 2018 წელს შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო წესი, რომლის თანახმად, არ შეიძლება ერთ ოთახში 9 ბავშვზე მეტის ყოფნა; პანსიონში არ იყო აუცილებელი 3-კომპონენტიანი სადილი და წელიწადში ერთხელ ბავშვები აგარაკზე არ მიჰყავდათ.

სააგენტოს წარმომადგენლები მონიტორინგს მთელი დღის განმავლობაში გეგმავენ.

ომბუდსმენის ცნობით, პროკურატურიდან და შსს-დან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ პანსიონთან დაკავშირებით ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.