„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილის განცხადებით, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებიდან მათ კლინიკაში 5 ადამიანი შეიყვანეს. მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამასთან, ავარიის შედეგად ადგილზევე დაიღუპა კიდევ ერთი მოქალაქე.
„დაახლოებით 2 საათის წინ, ერდროულად 5 ადამიანი იყო შემოყვანილი პოლიტრავმით, აქედან ერთი ადამიანი უმძიმესი პოლიტრავმით, გულის გაჩერებით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით გარდაცვალა. 4 ადამიანზე ახლა მიდის აქტიური მუშაობა. მათგან ზოგის მდგომარეობა მძიმეა, ზოგის საშუალო სიმძიმის. ერთი მათგანი არასრულწლოვანია”, – ამბობს ის.
შსს-ს თქმით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში შემთხვევის შემსწრე მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძე ჰყვება: კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსის ეზოში შემოვარდა სატვირთო მანქანა, რომელმაც მოიყოლა რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა, როგორც ჩანს დაღმართზე ვერ შეაკავა მუხრუჭმა და გადმოეშვა პირდაპირ კლინიკის ეზოში”.