ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 350-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი აქვს

პუბლიკა

Newsweek-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის უკვე 350-ზე მეტ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, პოლიციაში შიშობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.

პოლიციის კომისრის, დერმოტ შის განცხადებით, გუშინ პოლიციის დეპარტამენტის პირველი თანამშრომელი გარდაიცვალა კორონავირუსით. გარდაცვლილი დენის დიქსონია, რომელიც ოფისის დამხმარედ მუშაობდა ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში.

„დიქსონი ჩვენი დეპარტამენტის დამსახურებული თანამშრომელი იყო, რომელმაც ქარიშხალ „სენდის“ დროს სამაშველო ოპერაციებისას 17 დღე შეუსვენებლივ მუშაობდა. დიქსონი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ახლა დიდი ძალისხმევა ჩადო კორონავირუსის პირობებში ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის შენობის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა პოლიციის კომისარმა.

62 წლის დიქსონი პოლიციაში 2006 წლიდან მუშაობდა. მას გულის შეტევა ჰქონდა გადატანილი და კორონავირუსისგან გამოწვეული ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა ვერ გადაიტანა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში ასობით პოლიციელსა და პოლიციის სამოქალაქო თანამშრომელს ტესტი უტარდებათ, პოლიციაში კორონავირუსის ფართო გავრცელების შესაჩერებლად.